ისტორია
ცნობილია რომ რინოპლასტიკა ტარდებოდა ინდოეთში ჯერ კიდევ 2600 წლის წინ. იმ დროს ინდოეთში ქურდებს დასჯის მიზნით აჭრიდნენ ცხვირს, რათა მათი ამოცნობა ხალხში ადვილი ყოფილიყო. ცხვირის აღდგენის მიზნით გამოიყენებოდა Hindu-მეთოდი, რომლის დროსაც აღდგენა ხდებოდა შუბლის ნაფლეთის გამოყენებით.
თუმცა ერთ-ერთი პირველი ჭეშმარიტად ესთეტიკური რინოპლასტიკა, ანუ ესთეტიკური თვალსაზრისით ჩატარებული ოპერაცია, ცხვირის ფორმის შესაცვლელად გაკეთდა 1904 წელს გერმანელი ქირურგის იაკობ ჟოზეფის (Jaques Joseph) მიერ. ითვლება, რომ მან პირველმა გამოიყენა რინოპლასტიკის დახურული მეთოდი კეხის მოშორების მიზნით ახალგაზრდა პაციენტში რომელსაც გააჩნდა კომპლექსი დიდი ცხვირის მიმართ.

ჟოზეფის ერთ-ერთმა მოწაფემ, გუსტაფ აუფრიხტმა ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ თავის თანამიმდევრებთან ერთად სრულყოფილებას მიაღწია იდეალური ცხვირის ფორმის სტანდარტიზაციაში. დღეს ქირურგების უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს “აუფრიხტის” ცხვირებს. შემოღებულია ასეთი ტერმინიც – “სტანდარტული რინოპლასტიკის სინდრომი” – არაბუნებრივი თხელი ცხვირის ზურგი, წვეტიანი ოდნავ აწეული ცხვირის წვეტი და პატარა ღია ნესტოები. დღესდრეობით უფრო ბუნებრივი ფორმის ცხვირებია მოდაში.

გუსტავ აუფრიხტის მიერ ნაოპერაციევი ჰოლივუდის ვარსკვლავი.
თანამედროვე რინოპლასტიკის განვითარების შემდეგი ეტაპი ღია მეთოდის შემოღება იყო. პირველი ასეთი ოპერაცია აღწერა რეთჰიმ (Rethi) 1934 წელს. მაგრამ პოპულარობა ამ მეთოდმა მხოლოდ 1971 წელს მოიპოვა, როდესაც ჯ. რ. ანდერსონმა (J. R. Anderson) თავისი პუბლიკაციებით პლასტიკურ ქირურგებს გაუღვიძა ღია წესით რინოპლასტიკის ინტერესი და გახადა იგი პოპულარული მათ შორის. დღესდღეობით ეს მეთოდი უფრო ხშირად და ფართოდ გამოიყენება ვიდრე დახურული რინოპლასტიკის მეთოდი.
რინოპლასტიკის ღია მეთოდის დროს კეთდება ერთი გარეთა განაკვეთი კოლუმელაზე (ცხვირის სვეტზე), რაც იძლევა ცხვირის ფორმის კორექციის საშუალებას ვიზუალური კონტროლის ქვეშ. ოპერაციის შემდგომი ნაწიბური რჩება თითქმის შეუმჩნეველი.
ღია წესით რინოპლასტიკის მეთოდის ძირითადი უპირატესობებია:
- ცხვირის რბილი ქსოვილების ნაკლები ტრავმატიზაცია აშრევების დროს
- სისხლის უმნიშვნელო დანაკარგი
- ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეშუპების შემცირება
- ოპერაციის ჩატარება ვიზუალური კონტროლის ქვეშ, რაც იძლევა ცხვირის ძვალ-ხრტილოვანი ჩონჩხის მოდელირების ფართო შესაძლებლობას
- ცხვირის ძგიდეზე სრულფასოვანი ჩარევის საშუალება, ოთხკუთხედა ხრტილის ექსტრაკორპორალური რემოდელირება და მისი შემდგომი რეპლანტაციაც კი
- აუტოტრანსპლანტატების გამოყენება
- ხრტილოვანი ჩონჩხის ნაკერებით კორექციის მეთოდის გამოყენება ხრტილების დესტრუქციული რეზექციის ნაცვლად
- ცხვირის წვერის ფიქსაციის შესაძლებლობა, რის გარეშეც რინოპლასტიკის შედეგები არასტაბილურია
- ოპერაციის მსვლელობისას შესაძლებელი დეფექტებისა და ასიმეტრიის დროული გამოვლენა და გამოსწორება
|