რედუქციული მამოპლასტიკა

ეს არის ოპერაცია მკერდის ზომების შესამცირებლად. მისი მიზანია როგორც ზომაში შემცირება, ასევე ძუძუებისთვის ახალი ფორმის მიცემა დვრილ–არეოლის კომპლექსის ახალ პოზიციაში გადატანით. ოპერაცია მოიცავს სარძევე ჯირკვლების ჭარბი ქსოვილების რეზექციას (ამოკვეთა). ჩვენს კლინიკაში რედუქციული მამოპლასტიკა ტარდება 90–იანი წლების დასაწყისიდან და ვიყენებთ სარძევე ქსოვილების რედუქციის სხვადასხვა მეთოდებს.

ისტორია

ფტოზირებული და დიდი ზომის სარძევე ჯირკვლების ზომებში შემცირება პირველად გააკეთა ჩემბერსმა(Chembers) 1896 წელს. რეზეცირებულმა მასამ 11 კგ შეადგინა.

1903 წელს განარდმა(Guinard) წარმოადგინა მკერდის დაპატარავების ტექნიკა – ნახევრადოვალური განაკვეთით კეთდებოდა ჭარბი სარძევე ჯირკვლების ქსოვილისა და კანის რეზექცია.

1928 წელს ბისენბერგერმა(Biesenberger) მოგვაწოდა სარძევე ჯირკვლის კანის ფართო აშრევება და ჯირკვლის პარენქიმასთან ერთად დვრილ–არეოლის კომპლექსის გადატანა.

1930 წელს შვარცმანმა(Schwarzmann) პირველმა გამოიყენა დვრილ-არეოლის კომპლექსი მკვებავი ფეხით და მისი ადექვატური სისხლმომარაგებით.

რედუქციულ მამოპლასტიკაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბრაზილიელ ქირურგს ივო პიტანგიოს, რომელმაც შეიმუშავა ამ ოპერაციის რამდენიმე მეთოდი.

ჩვენებები

რედუქციული მამოპლასტიკის ჩვენებებს წარმოადგენს გიგანტომასტია(დიდი მკერდი), რომელიც ქალს უქმნის როგორც ესთეტიკურ (ჭარბი ოფლიანობა მკერდქვეშ, თეთრეულის, საცურაო კოსტიუმის, ტანსაცმლის შერჩევის სიძნელე), ასევე სამედიცინო პრობლემებს(კანის გაღიზიანება მკერდქვეშა ნაოჭის არეში, ადვილად დაღლა, ტკივილები ზურგის არეში, ხერხემლის დაავადებები).

ახალგაზრდა პაციენტებს დიდი მკერდის გამო ხშირად უვითარდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც აძნელებს მათ ურთიერთობას თანატოლებთან.

დამტკიცებულია რომ, რედუქციული მამოპლასტიკა არ ახდენს გავლენას სარძევე ჯირკვლის ქსოვილების მდგომარეობაზე და არ შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის მასტოპათიების ან ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი.
მიუხედავად ამისა, ოპერაციის წინ, ყველა პაციენტისთვის სავალდებულოა სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი ან მამოგრაფიული გამოკვლევა. უტარდება მამოლოგის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს ან დადგინდეს სარძევე ჯირკვლებში უკვე არსებული პროცესები.

ოპერაცია

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 3–6 საათია. ოპერაციის დროს კეთდება ჭარბი კანის, ცხიმოვანი ქსოვილის და ჯირკვლის ნაწილობრივი ამოკვეთა. დვრილ-არეოლის კომპლექსი რბილქსოვილოვან ფეხზე გადაგვაქვს ახალ ადგილზე. განაკვეთები კეთდება არეოლის გარშემო, ვერტიკალურად და მკერდქვეშა ნაოჭის არეში. ოპერაციის დროს შესაძლებელია დრენაჟების ჩაყენება, რომლებსაც აცილებენ 2–4 დღეში.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

როგორც წესი პაციენტი 2–3 დღეში ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.

სამუშაოს უბრუნდება ოპერაციიდან 1 კვირაში.

ნაკერებს იღებენ 10–12 დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს დვრილ–არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დარღვევა ან შეცვლა. მანქანის ტარების უფლება ეძლევა 2 კვირის შემდეგ.

სრული ფიზიკური დატვირთვის ნება ეძლევათ ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ.

ნაწიბურების სრული ფორმირება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ფართო ნაწიბურების ჩამოყალიბება და შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს მათი ამოკვეთა.

ფოტოგალერეა


ზევით – პაციენტი გიგანტომასტიით, რომელსაც ჩაუტარდა ინვერსიული T–ს მაგვარი რედუქციული მამოპლასტიკა შუათანა ფეხზე. ქვევით – პაციენტი ოპერაციიდან 2 წლის შემდეგ.

 


ზევით – პაციენტი გიგანტომასტიით. ნაჩვენებია ოპერაციის წინა მონიშვნა, დვრილ–არეოლის კომპლექსის ახალ ადგილზე გადატანით. ქვევით – პაციენტი ოპერაციიდან 3 წლის შემდეგ.

 


პაციენტი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ. ჩაუტარდა ინვერსიული T-ს მაგვარი რედუქციული მამოპლასტიკა ქვედა ფეხზე.

 


პაციენტი გიგანტომასტიით ოპერაციამდე და ოპერაციიდან 8 თვის შემდეგ.

 

  შემდეგი გვერდი "ძუძუების აწევა"