ბარიატრიული ქირურგია

ეს არის მედიცინის ნაწილი, რომელიც იძლევა ქირურგიული მეთოდით ჭარბი წონის მოცილების საშუალებას.

როგორც ცნობილია სიმსუქნე იწვევს სხვადასხვა თანმხლები დაავადებების პროვოცირებას: გულ–სისხლ–ძარღვთა სისტემის პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება, უშვილობა, სახსრებისა და ხერხემლის პათოლოგიები, ონკოლოგიური დაავადებები და სხვა.

XX და XXI შესაყარზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიმსუქნე დაახასიათა როგორც არაინფექციური ეპიდემია. დღესდღეობით მსოფლიოში სიმსუქნით დაავადებულია 100 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის მძიმე ფორმით, ეგრეთ წოდებული „მორბიდული სიმსუქნით“ მოსახლეობის 3–5%. საქართველოში მორბიდული სიმსუქნით 100000–მდე ადამიანია დაავადებული.

ბარიატრიული ქირურგია იძლევა არა მხოლოდ ჭარბი წონის მოცილების, არამედ მისგან გამოწვეული თანმხლები დაავადებებისგან განკურნების საშუალებასაც, მაგალითად როგორიცაა II ტიპის შაქრიანი დიაბეტი.

წონის დაკლება ხდება საკვების მიღების რაოდენობის შემცირებით (რესტრიქციული ოპერაციები), ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამა თუ იმ ნაწილის გამორთვით (შუნტის დადების ოპერაციები).

ბარიატრიული ქირურგიის მიზანია წონის დაკლებით უეცარი სიკვდილის მიზეზის რისკის თავიდან აცილება, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მისი სრული სოციალური და ესთეტიკური რეაბილიტაციის მიღწევა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბარიატრიული ქირურგია აბდომინალური ქირურგების საქმეა და პაციენტები პლასტიკურ ქირურგებთან ხვდებიან მხოლოდ წონის სრული დაკლების შემდეგ ჩამოკიდებული კანის მოცილების და სხეულის კონტურების კორექციის მიზნით. ჩვენს კლინიკაში მუშაობენ წამყვანი აბდომინალური ქირურგები. საქართველოში ბარიატრიული ქირურგიის ფუძემდებლები არიან ბ. ჭანკვეტაძე, მ. კილაძე და ო. ჯიბლაძე, რომლებმაც 1986 წელს პირველებმა დაიწყეს ვერტიკალური გასტროპლასტიკის კეთება.

თანამედროვე ბარიატრიული ქირურგიის არსენალში ოთხი ძირითადი მეთოდია:

  • ინტრაგასტრალური ბალონირება;
  • კუჭის ბანდაჟირება;
  • გასტროშუნტირება;
  • ბილიოპანკრეატული შუნტირება.

2004 წლიდან პირველად საქართველოში ჩვენს კლინიკაში დაიწყო ინტრაგასტრალური ბალონირების ოპერაციები.

2006 წელს ასევე პირველად საქართველოში გაკეთდა კუჭის ლაპარასკოპული ბანდაჟირება რეგულირებადი რგოლით. ჩვენს კლინიკაში ასევე დანერგილია გასტროშუნტირება და ბილიოპანკრეატული შუნტირება.

 

  შემდეგი გვერდი "ინტრაგასტრალური ბალონირება"